სარფში ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად დედა-შვილი და მუშა დაშავდნენ - განახლებული

05 სექტემბერი 2018, 00:00 2751 ნახვა

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე 3 ადამიანი დაშავდა. დაზიანებები საქართველოს ერთმა და თურქეთის 2 მოქალაქემ ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად მიიღეს. დაშავებულია სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული მამაკაცი ასევე, ხარაჩოსთან ახლოს მყოფი დედა-შვილი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. 

ბავშვი მოთავსებულია დედათა და ბავშვთა ცენტრში, დაშავებული ქალი და მამაკაცი კი მკურნალობის კურსს რეფერალურ საავადმყოფოში გადის. სასწრაფო დახმარების სამსახურში ამბობენ, რომ დაშავებულებს სხეულზე სხვადასხვა ტიპის დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის მსუბუქი მოტეხილობა. 

მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში