თურქეთში სეზონურად დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, რომლებსაც კუთვნილი ხელფასი არ გადაუხადეს თურქეთში რჩებიან. 28 ქართველიდან ორდუს გუბერნიის დაბა უნიეში, მხოლოდ 16 მათგანი რჩება, ნაწილი კი უკვე დაბრუნდა საქართველოში.
დაზარალებული ქართველები თურქეთში მცხოვრების საქართველოს მოქალაქის 2 ოთახიან ბინაში იმყოფებიან, მათ ფართი თანამემამულემ დროებით დაუთმო.
სალომე დვალიშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც კუთვნილ ანაზღაურებას ელოდება. ის აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან აცხადებს, რომ დამსაქმებელს მათი 11 ათას ლირაზე მეტი მართებს.
სალომე დვალიშვილის ინფორმაციით, 13 ქალსა და 15 კაცს, მეზობელ პლანტაციებშიც აგზავნიდა დამსაქმებელი, მათ კი ანაზღაურების მხოლოდ მცირე ნაწილს უხდიდა.
საქმის დეტალები შეისწავლა თურქეთში საქართველოს საკონსულომაც, მათი ჩარევის შემდეგ დაზუსტდა, რომ დამსაქმებელი თანხას უახლოეს პერიოდში დაფარავდა.
ოროთახიან ბინაში შესახლებულ საქართველოს 16 მოქალაქეს კი მედი აქვს, რომ კუთვნილ 11 ათას ლირას ხვალ აიღებენ და ისე დატოვებენ თურქეთის რესპუბლიკას.
საქართველოს 16 მოქალაქეს საკვებს და საყოფაცხოვრებო ნივთებს თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები აწვდიან.