რეაბლიტირებულ ყოფილ აბანოს შენობაში, სადაც ბათუმის მუზეუმი უნდა გაიხსნას წყალი ჩადის

03 სექტემბერი 2018, 00:00 3242 ნახვა

ბათუმში, ხულო ქ. #10 ნომერში, მე-19 საუკუნის აბანოს შენობაში  ბათუმის მუზეუმის გაკეთების გადაწყვეტილება აჭარის განათლების სამინისტრომ 2014 წელს მიიღო. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 530 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა მუზეუმი ვერ გაიხსნა, შენობის შიდა ნაწილი კი ასე გამოიყურება. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, რომელმაც ძეგლის რეაბილიტაციისთვის ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დახარჯა, აცხადებენ რომ მე-19 საუკუნის შენობა, რომელიც სავალალო მდგომარეობაში იყო შენარჩუნდა.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა და აგურებით მოპირკეთდა ყოფილი აბანოს გუმბათები,  შიდა ნაწილი გათავისუფლდა ქვაბებისგან და სხვა არასაჭირო ინვენტარისგან. გამოიცვალა აბანოში შესასვლელი კარი და ჩაისვა  მეტალოპლასტმასის ფანჯრები (ადრე ხის ფანჯრები იყო). ვიდრე კოსმეტიკური რემონტისთვის დაიხარჯებოდა თანხა, აღმოჩნდა, რომ აგურით მოპირკეთებული გუმბათებიდან შენობაში წყალი ჩადიოდა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა ასლანიშვილი ამბობს, რომ კოსმეტიკური რემონტისთვის თანხის გამოყოფას აზრი ეკარგებოდა, ვიდრე არ გადაიჭრებოდა სახურავიდან წყლის ჩამოსვლის პრობლემა. 

"მოვიწვიეთ  სპეციალისტები, რეკომენდაციის მისაღებად, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ამ პრობლემის გადასაჭრელად, სხვაგვარად აზრი არ ჰქონდა რემონტის გაკეთებას, მალევე დაზიანდებოდა ყველაფერი"  - გვითხრა ლაშა ასლანიშვილმა.

სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის ზაურ ახვლედიანის ინფორმაციით, შენობაში წყლის ჩასვლის საკითხი უკვე გადაიჭრა და აგურით მოპირკეთებული გუმბათები სპეციალური ხსნარით და სხვა მასალებით დაიფარება. 

რაც შეეხება მუზეუმს, ზაურ ახვლედიანი ამბობს, რომ კონსენსუსი განათლების მინისტრთან მიღწეულია და სექტემბრის ბოლომდე, ხულოს #10 ნომერში ჯერ კიდევ არ შექმნილი "ბათუმის მუზეუმი" მუზეუმების გაერთიანებას გადაეცემა.

"მუზეუმის გახსნის გადაწყვეტილება რა თქმა უნდა ისევ ძალაშია, მქონდა კონსულტაციები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან და მივაღწიეთ კონსესუსს, რომ ბათუმის მუზეუმი შეიქმნას და აჭარის მუზეუმების გაერთიანებას დაექვემდებაროს, რომელშიც განთავსდება ხარიტონ ახვლედიანის სახელობის  მუზეუმში არსებული ექსპონატები, რომელთა გამოსაფენად იქ არასაკმარისი სივრცე არ არის" - განაცხადა ზაურ ახვლედიანმა. 

მისივე ინფორმაციით, მუზეუმების გაერთიანებას ყოფილი აბანოს შენობის მართვის გარდა 100 000 ლარიც გადაეცემა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ბიუჯეტში, შენობის სარემონტო სამუშაოებისთვის არის გამოყოფილი.

"დამატებით 2019 წელს ბიუჯეტიდან დაემატება თანხები, რომ დაპროექტდეს მუზეუმი, სად რა ტიპის დარბაზი იქნება საჭირო. რაც შეეხება ვერანდას, იქ კაფე იქნება თუ ღია საგამოფენო დარბაზი, ამას მუზეუმების გაერთიანება განსაზღვრავს". 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი