ხვალიდან აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი იწყება. რეგიონს უცხოელი სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ეწვევიან. დღის პირველ ნახევარში დაგეგმილია გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მდინარე ჭოროხის, სოფელ ჩაისუბნის, სახალვაშოს, ბათუმის ზღვისპირა პარკის, ნავსადგურისა და კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიებზე.
საღამოობით კი სპეციალისტები ლექციებსა და პრეზენტაციებს ჩაატარებენ. გასვლით ტურებში მონაწილეობა და ლექციებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი აჭარაში 8 სექტემბერს დასრულდება.