„ადრე თუ გვიან, რუსეთს მოუწევს შეცვალოს ჩვენი განუყოფელი რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება“- ეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაა. ტექსტში წერია, რომ „დღეს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ურყევად დგას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის სადარაჯოზე. ეს მტკიცე მხარდაჭერა თვალსაჩინოდ აისახება საერთაშორისო საზოგადოების ქმედით ნაბიჯებში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით.
საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ომითა და გამყოფი ხაზებით დაშორებული მოსახლეობის შერიგებასა და ნდობის აღდგენისთვის და აგრეთვე იმისთვის, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილმა ჩვენმა მოქალაქეებმა, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა სრულად ისარგებლონ იმ სიკეთეებითა და შესაძლებლობებით, რასაც სახელმწიფო ქმნის თავისი მოქალაქეებისთვის“