ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოს ფესტივალი 16 სექტემებრს გაიხსნება და მასზე 35 ქვეყნიდან 100 -მდე კინო იქნება წარმოდგენილი. რიგით მე-13 ფესტივალს, კინოს 110 წლისთავის აღსანიშნავად, კოტე მიქაბერიძის ფილმი „ჩემი ბებია“ გახსნის. კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი, წელს ფესტივალი სპეციალურ ჯილდოს ოპერატორ ლომერ ახვლედიანს გადასცემს.
მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმების ჩვენება ბათუმის კინოთეატრში და ღია ცის ქვეშ, ერას მოედანზე გაიმართება. ფესტივალს ხუთკაციანი საერთაშორისო ჟიური ეყოლება. ჟიურის თავმჯდომარე წელს სერგეი რახლინი იქნება, რომელიც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის თავმჯდომარეა- ორგანიზაციის, რომელიც ამერიკის კინოდაჯილდოება „ოქროს გლობუსს“ ატარებს. ბათუმის საავტორო კინოს რიგით მე-13 ფესტივალზე მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „ჰორიზნტი“ მოხვდა. საავტორო კინოს ფესტივალი ბათუმში 23 სექტემბერს დაიხურება.