აჭარის მაუწყებელი თანამშრომელთა არაეთიკური ქცევის გამო ბოდიშს იხდის
24 ივლისი 2018,
00:00
1755 ნახვა
2018 წლის 20 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ეთიკური სტანდარტები დაირღვა
დარღვევა უკავშირდება ტრანსგენდერი ქალის გარდაცვალების თაობაზე მომზადებული სიუჟეტის განთავსებას ვებგვერდზე. მასალა ყველა ჟურნალისტური სტანდარტისა და ეთიკის დაცვით მომზადდა, თუმცა, შიდა მოხმარების ტექნიკურ ფაილს უცენზურო სათაური ჰქონდა მიწერილი, რაც თანამშრომლის დაუდევრობით ვებგვერზე ატვირთვისას გამოჩნდა.
ფაქტის აღმოჩენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ შეცდომა გასწორდა, ფაქტზე კი მოკვლევა და ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
ამავე სიუჟეტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გაჩნდა მაუწყებლის სხვა თანამშრომლის სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები. ამდენად, უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსით დადგენილი წესები.
მაუწყებელი იზიარებს საზოგადოების ნაწილის სამართლიან აღშფოთებას და ბოდიშს უხდის საზოგადოებას.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს სრულად აქვთ გაცნობიერებული ვალდებულება საზოგადოების წინაშე.
ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობას იმ საფრთხის გამო, რაც შეიძლება მოჰყვეს არსებული სტიგმის გაძლიერებას და სიძულვილის ენის გამოყენებას. ამ მიმართულებით მაუწყებელი გაამკაცრებს შიდა კონტროლის მექანიზმებს.