სტრასბურგში 10 წლიანი დავის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მეორე მუხლის _ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. მოქალაქის სარჩელი დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, რომელიც სახელმწიფოს პასუხიმგებლობის ეხებოდა. სიცოცხლის უფლება დაირღვა, რადგან ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო საავადმყოფოში კვალიფიციური მომსახურების ვალდებულების შესრულება _ აცხადებს მოსარჩელე მხარის ადვოკატი. საქმე ეხება 2004 წელს მომხდარ ფაქტს, როცა სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაშავებული 25 წლის კაცი ბათუმის ყოფილ პირველ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ქართულმა სასამართლომ სამედიცინო შეცდომა დაადგინა, თუმცა გარდაცვლილის დედას მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარი უთხრა. ადვოკატის, ემზარ პაქსაძის განცხადებით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ მორალური კომპენსაციის მოთხოვნის საშუალება მისცა და ისინი ახლად აღმოჩენილ გარემოებზე დაყრდნობით სასამართლო დავის საქართველოში გაგრძელებას გეგმავენ. რაც შეეხება კიდევ ერთ გასაჩივრებულ საკითხს- ადვოკატის თქმით, ევროსასამართლომ ჩათვალა, რომ სისხლის სამართლებრივი გამოძიება შეესაბამებოდა კონვენციის მოთხოვნებს. დაზარალებულმა გულნარა სარიშვილმა სტრასბურგის სასამართლოს 2008 წელს მიმართა.