თურქეთში, წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებს მოქმედი პრეზიდენტი იგებს. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუ”-ს მონაცემებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დიდი ქალაქები მოიგო. სტამბულში 54 პროცენტი, სამსუნში 69%, კონიაში 73%, ტრაპზონი 69%, ანკარაში კი 58 პროცენტიანი მხარდაჭერა დაფიქსირდა.
პირველ ეტაპზე თურქეთის საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო კანდიდატების შედეგებს, ხოლო შემდეგ საპარლამენტოს დაითვლის.
თურქეთში დღეს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მთავარ კონკურენტად, ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის ლიდერი მუჰარემ ინჯე მოიაზრებოდა.
თურქეთის მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 6 საპრეზიდენტო კანდიდატსა და 8 პარტიას შორის მოუხდათ. ერთადერთი ქალი კანდიდატი, რომელიც პრეზიდენტობისთვის იბრძვის ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მერალ ექშენერია.
საპარლამენტო არჩევნებში 8 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. წინასწარი მონაცემებით, მათგან მმართველმა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ 54.71 % მიიღო, „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ“ -13.17%, „კარგმა პარტიამ“ – 8.18 %, ხოლო “სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ” – 6.94%.
საარჩევნო უბნებზე 415 საერთაშორისო დამკვირვებელი მუშაობდა.