მოპედისა და კვადროციკლის შეჯახების შედეგად სამი დაშავებული ბოლო სამ დღეში მხოლოდ ბათუმში. დღეს შემთხვევა ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში მოხდა. 62 წლის ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “მედცენტრში” გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, დაშავებულს სხეულის მსუბუქი დაჟეჟილობა აღენიშნებოდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, სავარაუდო დამნაშავე ადგილიდან მიიმალა და ამ ეტაპზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, საქმე კი 281-ე მუხლითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს. სტაბილურად მძიმეა ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა, რომელიც ასევე მოპედის შეჯახების შედეგად დაშავდა და ამჟამად ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას.
კლინიკის მედიკოსები სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბარში ადასტურებენ, რომ დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა.
კოჭის მოტეხილობით სახლში აგრძელებს მკურნალობას კიდევ ერთი დაშავებული ახალგაზრდა ქალი, რომელსაც კვადროციკლი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაეჯახა, მას არასრულწლოვანი მართავდა.
ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ აღნიშნული ტერიტორია მერიის დაქვემდებარებაშია და შესაბამისად დამნაშავე ვერ დააჯარიმეს. რაც შეეხება მერიას - აქ“მთავარის” სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
(ფოტო ინტერნეტიდან)