მეტროს მემანქანეებს „სამუშაო საათების განმავლობაში“ გაფიცვის უფლება, თბილისის საქალაქო სასამართლომ განუსაზღვრელი ვადით, კიდევ ერთხელ შეუზღუდა.
თბილისის მეტროს მემანქანეებსა და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის კოლექტიური შრომითი დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. პროცესს წინ უძღოდა მოლაპარაკებები, რომლებიც წარუმატებლად დასრულდა. მეტროს თანამშრომლებმა 3 მაისს გაფიცვა დაანონსეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 დღით გადადო.
სასამართლოს განჩინებით, მემენქანეებს შესაძლებლობა ეძლევათ გაფიცვის უფლებით ისარგებლონ არასამუშაო საათებში.
''ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის'' წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ სასამართლოს განჩინება ფაქტობრივად უკრძალავს მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლებას განუსაზღვრელი ვადით, ამიტომ ისინი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
‘’საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გაფიცვის უფლება გულისხმობს დასაქმებულის დროებით, ნებაყოფლობით უარს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე, შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც მეტროს მემანქანეთა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება სწორედ მხოლოდ სამუშაო დროს არის განსაზღვრული, წარმოუდგენელია მითითებული დანაწესიდან გამომდინარე, როგორ, რა ფორმით შეიძლება განაცხადონ მემანქანეებმა უარი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე და შესაბამისად განჩინების შესაბამისად, არასამუშაო დროს ისარგებლონ გაფიცვის უფლებით’’ - წერია EMC- ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
19:00 საათზე, მეტრო რუსთაველთან, ''ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი'', ''სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრი'' და „აუდიტორია 115“, აქციას გამართავენ. ისინი თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლებს მხარდაჭერას ამ ფორმით უცხადებენ.