საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, თურქეთის რამდენიმე საწარმოდან ფრინველის ხორცის იმპორტი აკრძალა. შესაბამისი ბრძანება უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მიზეზი, ფრინველი ხორცში აღმოჩენილი სალმონელას ბაქტერიაა. თურქეთის რამდენიმე საწარმოდან იმპორტირებულ პროდუქციაში სალმონელა, ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაფიქსირდა.
უწყების გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროდუქციის შემოტანა ერთი წლით შეჩერდა.
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტის იმპორტის დროებით აკრძალვის შესახებ ბრძანებულება, 2018 წლის 17 მაისით თარიღდება.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის #426 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესისა და პირობების მე-5 მუხლის 5 1 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. თურქეთის რესპუბლიკის ,,Erpilic Entegre Tavukculuk Uretim Pazarlama Ve Ticaret Ltd Sti” (Doganci Mah Mudurnu Yolu 7, Bolu, Turkey TR 14-0022) საწარმოდან იმპორტირებული ფრინველის ხორცში, (0207 სასაქონლო პოზიცია) 1 წლის განმავლობაში სალმონელას (salmonella) ორჯერ აღმოჩენის გამო, 1 წლის ვადით შეჩერდეს ამ საწარმოდან პროდუქციის იმპორტი.
სალმონელათი ინფექცია ხშირი ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. სალმონელას ბაქტერია ნორმალურ პირობებში, ძირითადად, ცხოვრობს ცხოველებისა და ადამიანების ნაწლავებში, საიდანაც იგი ფეკალიებთან ერთად გამოდის. ადამიანები ინფიცირდებიან, ძირითადად, დაბინძურებული წყლის ან საკვების მიღებით.