პატიმრობაში მყოფი რომან დუმბაძის ახლობლებმა დღეს აქცია გამართეს. ოჯახი, საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, რომან დუმბაძე 28 აპრილს ჭავჭავაძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს. როგორც ირწმუნებიან, პოლიციელებმა დაკავებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის დასადასტურებლად ისინი ვიდეო- მასალის გამოთხოვას ითხოვენ. ფაქტი ჭავჭავაძის ქუჩაზე სავაჭრო ქსელთან მოხდა. სადაც მაღაზიის სათვალთვალო კამერაა დაყენებული, თუმცა მათი თქმით ამ დრომდე ვერ მიიღეს წერილობითი პასუხი სასამართლოსთვის წარსადგენად. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რომან დუმბაძე ველოსიპედით, ქვეითად მოსიარულე მამა-შვილს შეეჯახა, რის შემდეგაც მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მობილური ტელეფონი, ჩიბუხი და სათვალე დაუზიანა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი დაკავებულმა წინააღმდეგობა გაუწია და ერთ-ერთ პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
უწყებისვე ინფორმაციით ნოდარ დუმბაძე წინააღმდეგობის გაწევის, ნივთის დაზიანებისა და ძალადობის მუხლებით დააკავეს. როგორც სამინისტროში განმარტავენ, დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისას დაკავებულს დაზიანებები აღენიშნებოდა, რაზეც მიუთითა, რომ აღნიშნული დაზიანებები დაკავებამდე, ქუჩაში ჩხუბის დროს მიიღო და სამართალდამცველთა მიმართ პრეტენზია არ გამოუთქვამს. პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აჭარის პროკურატურაში დაწყებული გამოძიებიდან გამომდინარე, შსს-ს გენინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების მასალები პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეზე დასართავად გაიგზავნება. საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა. 30 აპრილს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა, სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით, ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით - 2 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.