აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ტელეკომპანია ''იბერიას'' საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა დროებით შეაჩერა. ჟურნალისტები პირად საუბრებში ამბობენ, რომ გადაწყვეტილების შესახებ დღეს დილით გაიგეს.
„იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილი მაუწყებლის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
სააგენტო „რეგინფოს“ ინფორმაციით, დღეს დილით ახალი ამბების სამსახურის ოპერატორები გაიფიცნენ, ჟურნალისტებს კი განუმარტეს, რომ სურვილის შემთხვევაში, სხვა გადაცემებზე გადაანაწილებდნენ.
ტელეკომპანია „იბერიას“ მესაკუთრე შპს „ბენმონტია“. ''ბენმონტის“ მესაკუთრეები კი რატი და გიორგი ოქუაშვილები არიან, რომლებიც „ომეგა-ჯგუფის“ მფლობელის ზაზა ოქუაშვილის შვილები არიან.
უმაღლესი საბჭოს წევრი ზაზა ოქუაშვილი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ამბობს, რომ ტელეკომპანიის საქმიანობაში არ ერევა. მენეჯმენტს კი ურჩევდა, რომ რეორგანიზაცია უფრო პასიურ დროს დაეგეგმათ.
''თუ ეს საშუალება მომეცემა, ყველა ტელევიზიას ვურჩევდი, რომ რეორგანიზაცია უფრო პასიურ დროს გააკეთონ. მაგალითად, როცა აგვისტოა, როცა ხალხი ისვენებს. თუმცა გადაწყვეტილება მათია. ეს ამბიციური გადაწყვეტილებაა და ამბიცია უკეთესზე აქვთ. ტელეკომპანიას ჰყავს დირექტორები. მე მათ საქმიანობაში ასე აქტიურად არ ვერევი. მე ახლა სახელმწიფო სამსახურში ვარ, რომ არა ეს ფაქტორი, მაშინ აუცილებლად ვურჩევდი, უფრო პასიური დრო აერჩიათ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მივესალმები ამბიციებს, დიდი ძალებითა და ახალი მიზნებით მოსვლას და საქმიანობის გაგრძელებას'' - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.