ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ''ლეოგრანდის'' საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს, 14:30 საათზეა ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. ''ლეოგრანდის'' ტრაგედიიდან 6 თვე გავიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, 2 მენეჯერი, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეები, 23 მარტს დააკავეს.
25 მარტს კი, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ბრალდებულებს: გიორგი მიქელაძესა და ფათიჰ იაუზის წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ პროცესზე, გირაოს სახით 20 000 ათასი ლარის გადახდა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2017 წლის 24 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი გაჩნდა. შენობაში მყოფი 11 ადამიანი გარდაიცვალა, 21-მა პირმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.
სასტუმრო „ლეოგრანდი“ ზაფხულიდან „ველმონდის“ სახელით განაახლებს მუშაობას. 24 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რებრენდინგი მენეჯმენტმა მალევე დააანონსა.
'ლეოგრანდის'' მშენებლობისთვის 40-მილიონის ინვესტიცია ჩაიდო.