აჭარაში ტურიზმის განვითარების და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი შესაძლოა 413 ათასი ლარით გაიზარდოს. მომავალი წლის პროგრამულ ბიუჯეტში ტურიზმის განვითარებისთვის 10 მილიონ 177 ათას 800 ლარის დახარჯვა იგეგმება. დეპარტამენტი 2019 წელს რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით 323 ათას ლარს დახარჯავს. გაგრძელდება პროექტები „ტურიზმის განვითარების სკოლა“ და საუკეთესი სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების დაჯილდოება. ამოქმედდება პროექტი „იდუმალი სტუმარი“, რომლის ფარგლებშიც დადგინდება რეგიონში მომსახურების ხარისხის დონე.
მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და მარშრუტების განვითარების მიზნით 577 ათას 500 ლარია გათვალისწინებული. საშუალოვადიანი გეგმისა და პრიორიტეტების განხილვა დღეს გაიმართება. შეხვედრას ტურიზმის რეგიონულ მრჩეველთა საბჭოს წევრები, არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრებიან.