მერია კერძო მესაკუთრეების მოუვლელ ტერიტორიებსა და შენობებზე დაჯარიმების უფლებას ითხოვს

26 აპრილი 2018, 00:00 3069 ნახვა

ქალაქიც ცენტრში თუ გარეუბანში, ხშირად შეხვდებით მიტოვებულ სახლებს, შენობებს, მიწის ნაკვეთებს, რომელიც მოუწესრიგებელია.  

ქალაქის დამახინჯებული იერსახისა და ანტისანიტარიის მიუხედავად, მერიას არ შეუძლია რაიმე სანქციები დააწესოს, ან მეპატრონეს ნაგვის გატანა და ტერიტორიის დასუფთავება მოსთხოვოს. კანონში ეს გათვალისწინებული არ არის.

ამიტომ, ქალაქ ბათუმის მერიამ,  აჭარის უმაღლეს საბჭოს  თხოვნით მიმართა, კანონმდებლობაში ცვლილებების ინიცირებაში დაეხმაროს, რომელიც ქალაქში მოუვლელი ტერიტორიების მოწესრიგების საშუალებას მისცემს.

მერიის მიერ მომზადებულ მიმართვაში წერია, რომ „ბათუმის ტერიტორიაზე არსებობს  ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები, რომლებიც მესაკუთრეების მიერ მიტოვებულია, არ არის შემოღობილი, არ სუფთავდება, რაც ქმნის ანტისანიტარიას, საფრთხეს უქმნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ასევე ამახინჯებს ბათუმის, როგორც ტურისტული ქალაქის იერსახეს.

ამასთან, აღნიშნული ობიექტები ქცეულია ცხოველების, მღრღნელების, ქვეწარმავლების გავრცელების ადგილად, ხოლო იმის გამო, რომ ამ მიწის ნაკვეთებში და შენობა-ნაგებობებში შესაძლებელია მესამე პირების მოხვედრა, ობიექტები მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის და სიცოცხლისათვის რისკის შემცველია“.

ბათუმის მერიაში მიიჩნევენ, რომ გამოსავალი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანაა.

შემოუღობავი, ასევე მოუვლელობისა გამო მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის და სიცოცხლისათვის რისკის შემცველ ადგილებად ქცეული მიწის ნაკვეთების და შენობა-ნაგებობების მესაკუთრეების/მოსარგებლეების ქმედება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად” - ფიქრობენ მერიაში.

მერიამ აღნიშნული ინიციატივაზე რეაგირება უმაღლეს საბჭოს ერთი თვის წინ სთხოვა. საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ გვერდზე წერია, რომ  დოკუმენტის გაანალიზების შემდგომ, აჭარის უმაღლესი საბჭოში, საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების განხორციელებისთვის ინიციატივებს მოამზადებენ.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ კონკრეტულ კომისიას ინიციატივაზე მუშაობა ჯერ არ დაუწყია.

კანონის ცვლილება შორეული პერსპექტივაა, ამიტომ მერიამ პრობლემის გადაჭრა საკუთარი ძალებით დიწყო.  მიუხედავად იმისა, რომ შპს "სანდასუფთავების" მომსახურება კერძო პირებისთვის ფასიანია, მერიას თავად, უფასოდ გააქვს ნაგავი მიტოვებული მშენებლობებისა თუ ტერიტორიებიდან.  

აღსანიშნავია, რომ მერიის ეს ინიციატივა არ ეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ძეგლებს, მაგალითად ბათუმში #1 აფთიაქის შენობას, რომელიც წლებია მიტოვებული და დაზიანებულია. შენობაში ანტისანიტარიაა, ჩადის წყალი და ნესტის გამო ხავსი და მწვანე ნარგავები შენობაში და შენობის გარეთაც ბლომად არის ამოსული.

ამ ტიპის შენობებს, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი იცავს, რომლის თანახმად, ძეგლის სტატუსის მქონე შენობის მეპატრონეს ვალდებულება აქვს მოუაროს ძეგლს. კანონით სახელმწიფოს ეროვნულმა სააგენტომ ხელშეკრულება უნდა გააფორმოს მესაკუთრესთან, თუმცა ხშირ შემთხვევაში კანონი არ სრულდება.  აჭარაში მხოლოდ ერთ შენობაზე, მ.აბაშიძის ქუჩაზე, ძეგლის სტატუსის მქონე ყოფილი ბანკის შენობის მეპატრონესთან არის ამ ტიპის ხელშეკრულება დადებული.  

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი