ბათუმში, სამართალდამცველები 15 წლის გოგოს მეოთხე დღეა ეძებენ. არასრულწლოვანი სახლიდან 5 დღის წინ, 20 აპრილს, პარასკევს გავიდა და ამ დრომდე არ დაბრუნებულა. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან დედა ყვება, რომ შვილი დილით 9-ის ნახევარზე სკოლაში წავიდა, თუმცა სასწავლო დაწესებულებაში არ მისულა.
დედა ღამის 12 საათამდე ელოდა შვილს, შემდეგ კი პოლიციას დაუკავშირდა. ლია მწერალიშვილის თქმით, გოგონას ტელეფონი ამ დრომდე გამორთული აქვს.
‘’ტელეფონი გამორთული ჰქონდა, დავურეკე მის მეგობარს, ვკითხე შენთან ერთად ხომ არ არის თქო? არავინ არაფერი იცოდა. ღამის 12 საათამდე ველოდე და შემდეგ უკვე პოლიციაში დავრეკე. ვცდილობ, ყველა ფორმით შვილის პოვნას. ჩემთან ამ დრომდე არ დაურეკავს. ფეისბუქზე ჰქონდა მინაწერი ჩემს დისშვილთან, ''კარგად ვარ და ყველამ თავი დამანებოსო’’ - ყვება ლია.
დედა ეჭვობს, რომ ბავშვი, შესაძლოა, რომელიმე სექტაში იყოს გაწევრიანებული. ''ფეისბუქი ჩართული დარჩა, მისი პირადი სივრცის დათვალიერების შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გოგონა რომელიმე სექტის წევრი შეიძლება იყო''.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში შეტყობინება 21 აპრილს შევიდა, სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე მიმდინარეობს.
სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს გოგონას მეგობარი, ვისთან ერთადაც არასრუწლოვანი ბოლოს იმყოფებოდა.
დედა ყვება, რომ მეათე კლასის მოსწავლე, მეგობართან ერთად, სავარაუდოდ, თბილისში იყო. ამავე მეგობრის ინფორმაცით, მოზარდი ქუთაისში ჩავიდა. სხვა დეტალებზე ლია მწერალიშვილი ვერ საუბრობს.