მიწის თემაზე არანაკლებ აქტუალურია ქვეყანაში, აგროდაზღვევის საკითხიც. ამ მიმართულებით საუბარი, განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, 4 აპრილს, აგროდაზღვევის პროექტში ცვლილებები დაანონსა. ახალი ინიციატივის ავტორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა და გულისხმობს სავარგულების აუცილებელი წესით დარეგისტრირებას.
წინა წლებისგან განსხვავებით, პროგრამით ისარგებლებს მხოლოდ ის ფერმერი, რომელსაც მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული აქვს. ამასთან, მარტივდება რეგისტრაციის პროცესი, რომლითაც მეწარმეს და მცირე ფერმერს სარგებლობა სურს. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის, მეწარმეთა, ფერმერთა, რისკების შემცირების მიზნით, უკვე მე-5 წელია, ხორციელდება აგროდაზღვევის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან მოსავლის დაზღვევას სეტყვისგან, წყალდიდობისგან, ქარიშხლისგან და საშემოდგომო ყინვისგან ყველა კულტურაზე - 70%-ით, ხოლო ვაზზე - 50%-ით. წელს ბიუჯეტიდან პროექტის დასაფინანსებლად 9 მილიონი ლარია გათვალისწინებული.