რამდენიმე თვიანი მოლაპარაკების შემდეგ კობალთის მცხოვრებლებსა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგა და მოსახლეობა 15-15 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებს. როგორც შუახევის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი ამბობს, უწყებას კომპენსაციის მისაღებად განცხადებით სამმა ოჯახმა მიმართა.
ზაზა ზოიძის განმარტებით ოჯახების მდგომარეობას კიდევ ერთხელ შეისწავლიან და საკომპენსაციო თანხა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან გადაერიცხებათ. გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე მათ საცხოვრებელს საფრთხე არ ემუქრება, შესაბამისად ისინი ეკომიგრანტთა სტატუსით ვერ ისარგებლებენ, ვინაიდან პრობლემად მხოლოდ სოფელთან მისასვლელი გზაა. შეგახსენებთ გასულ წელს სოფელ კობალთის დამაკავშირებელ გზაზე წუმპოს მთა ჩამოიშალა რამაც საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზა ჩაკეტა.