1 ივლისიდან, გვიან ღამით,ფოიერვერკების აფეთქებას ბათუმის მერია გააკონტროლებს. ლაშა კომახიძის განცხადებით, ღამით ფოიერვერკების აფეთქების გამო შეწუხებული მოქალაქეები ხშირად მიმართავენ თვითმმართველობას, ამიტომ პოლიციის ნაცვლად, მონიტორინგის ფუნქციას თვითმმართველობა შეითავსებს.
"ბათუმელებს ხშირად აქვთ პრეტენზიები, რომ ქალაქში ღამით ხმაურია. ხშირია მომართვიანობა გვიან ფეირევერკების ხმაზე, მუსიკასა და ზოგად ხმაურზე. გვთხოვენ რეაგირება მოვახდინოთ და ავღკვეთოთ" - განაცხადა ლაშა კომახიძემ.
მერის ინფორმაციით, ღამის საათებში, დაშვებულ ზღვარზე მაღალი ხმა ტურისტებისთვისაც მიუღებელია, ამიტომ ფიზიკურ პირებს ან ობიექტებს, რომლებიც დაშვებულ ზღვარზე მეტად იხმაურებენ, ბათუმის მერიის აიპი გააკონტროლებს.
აიპი "მუნიციპალური სერვისების სააგენტო" , რომელიც 30 კაცისგან შედგება, სხვა ფუნქციებთან ერთად, მუსიკის, ფოიერვერკების გაშვებისა და სხვა საშუალებების ხმაურს დააფიქსირებს და შესაბამისი რეაგირება მოახდენს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი ამბობს, რომ მონიტორინგის უფლების დელეგირება სწორი გადაწყვეტილებაა.
''კაფეების მეპატრონეები ამბობენ, რომ მუსიკა მნიშვნელოვანია მეტი ტურისტის მოსაზიდად. ერთადერთი, რამაც უნდა დაარეგულიროს ეს ყველაფერი, არის კანონი. მუნიციპალიტეტზე გადმოცემული და დეცენტრალიზირებული უფლებები ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტი უფრო ეფექტურად და აქტიურად განახორციელებს კონტროლს და ეს არის სწორი' - ' ამბობს სულხან ღლონტი