ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში დაახლოებით 6 საათში ჩამოიტანენ. თელავივი - თბილისის რეისს თბილისის აეროპორტში 23 საათსა და 55 წუთზე ელოდებიან. მომლოცველები და სასულიერო პირები ცეცხლს ჯერ სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს. მოგვიანებით კი იგი ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს სახლში მისი წაღების საშუალება ექნებათ.
მომლოცველთა რწმენით, ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე 15 საათსა 17 წუთზე გადმოვიდა და იგი კუვუკლიადან ამჯერადაც იერუსალიმისა და პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III გამოიტანა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში , უფლის საფლავზე, დაახლოებით 15 საათსა 13 წუთზე შევიდა და საფლავი დაიხურა. მანამდე ის სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა და პოლიციელებმა გაჩხრიკეს. ცეცხლის გადმოსვლას მორწმუნეები თითქმის მთელი მსოფლიოდან დიდი ინტერესით ელოდნენ.