ბათუმის პორტში გაფიცვა შეწყდა, შიმშილობის აქცია კი კვლავ გრძელდება. ნავთობტერმინალის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, დასაქმებულებმა გადაწყვეტილება შეცვალეს. საზღვაო ნავსადგურის ფუნქციონირებას ხელი რომ არ შეეშალოს, თანამშრომლები მუშაობას განაახლებენ.
ექვსი დასაქმებული კი შიმშილობას კვლავ აგრძელებს. ისინი დირექტორის გადადგომას ითხოვენ.
ყაზახური კომპანიის მმართველობაში არსებული პორტის თანამშრომლები ვარაუდობდნენ, რომ უახლოეს მომავალში სამსახურის გარეშე დარჩებოდნენ. სამი დღის წინ, საპროტესტო აქციების ტალღაც ამიტომ დაიწყო.
გუშინ, აჭარის მთავრობასთან კონსულტაციების შემდეგ ყაზახური კომპანიის დირექტორმა რეორგანიზაციის პროცესი შეაჩერა.
საზღვაო სანაოსნოს ადმინისტრაციამ სამართალდამცველებს გამოძიების დაწყების თხოვნითაც მიმართა. მათი განმარტებით, 3 აპრილს, პორტში გემი ვერ შევიდა, რადგან თანამშრომელთა ნაწილმა, მცირე ზომის ხომალდებით, ზღვით შესასვლელი ხელოვნურად ჩახერგა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 222-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას გულისხმობს.