საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ რასელ სანბორნს უმასპინძლა. შეხვედრაზე აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ერთობლივი სამხედრო წვრთნების მნიშვნელობაზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, წელს მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას საზღვაო ელემენტიც დაემატება, რაც რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა ასევე მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუცია იყო.