აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან არასრულწლოვანის დედა ყვება, რომ მის შვილს საშიშ ინტერნეტ თამაშში ჩართვასა სთავაზობდნენ.
გოგონას სხვადსხვა ქსელის ნომრიდან ურეკავდნენ, ჯერ თამაშის დაწყებას სთხოვდნენ, შემდეგ კი უკვე ემუქრებოდნენ. დედა იხსენებს, რომ ერთ-ერთ ასეთ საუბარს შეესწრო, ფრაზა ‘’ლურჯი ვეშაპი’’ თავადაც გაიგონა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მშობელმა, სამართალდამცველებისთვის მიემართა და ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.
მესამე კლასის მოსწავლეს, თავდაპირველად რუსეთში რეგისტრირებული ნომრით დაუკავშირდნენ. დედა ყვება, რომ გოგონამ რუსული კარგად არ იცოდა, სავარაუდოდ ამიტომ მოგვიანებით, მას უკვე ქართული მობილური ქსელის ნომრით ეხმიანებოდნენ.
‘’ორშაბათი იყო, ჩემს შვილს სკოლაში დაურეკეს. გაკვეთილზე იყო და ტელეფონი გაუთიშია. მერე ზარი მისცა და გადმოურეკეს. უცხო პირები გოგონას ეუბნებოდნენ: ინტერნეტში შედი, პარამეტრები გამოგზავნილია და ჩვენ თამაშს გასწავლითო. ჩემმა შვილმა უთხრა, ‘’ვიცი ეგ ცუდი თამაშია და არ მინდაო’’. უპასუხეს, რომ მათ კარგი თამაშებიც ჰქონდათ. შემდეგ უკვე მუქარაზე გადავიდნენ, პოლიციით აშინებდნენ. თუ არ დაგვიჯერებთ, პოლიციელები მოგაკითხავენ, წაგიყვანენ, გცემენ და დაგსჯიანო. ჩემმა შვილმა ტელეფონი გაუთიშა. ისევ გადმოურეკეს და უყვირეს, რატომ გვითიშავ შენ ცუდო გოგოო’’ - ყვება არასრულწლოვანის დედა.
არასრულწლოვანს თამაშში ჩართვის სანაცვლოდ, დაახლოებით 100 ათას ლარსაც სთავაზობდნენ.
დედა ამბობს, რომ დაკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ. ბავშვთან ფსიქოლოგიც მუშაობდა. ოჯახის წევრების გადაწყვეტილებით, რამდენიმე დღე ლიზა (სახელი შეცვლილია) სკოლაში არ წავა.
შემთხვევა ქობულეთში ორი დღის წინ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლი დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.