ქობულეთში საშიში ინტერნეტ თამაშის შეთავაზებისთვის შსს-მ საქმე აღძრა

22 მარტი 2018, 00:00 9530 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აჭარაში, არასრულწლოვანის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით საქმე აღიძრა. როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება განცხადების საფუძველზე დაიწყო. სავარაუდოდ, სამინისტროს გამოძიების მოთხოვნით არასრულწლოვანის ოჯახმა მიმართა. 

შემთხვევა ორი დღის წინ, ქობულეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოხდა. მესამე კლასელის მშობლები, სკოლაში ამბობდნენ, რომ ბავშვს ტელეფონზე უცხო ნომრით ურეკავდნენ და "ლურჯი ვეშაპის" თამაშში ჩართვას აძალებდნენ. 

სკოლის პედაგოგები აჭარის მაუწყებელთან აცხადებენ, რომ ლიზა (სახელი შეცვლილია) მეორე დღეა სკოლაში არ დადის. "მშობელმა შემოგვითვალა, რომ ბავშვი დაკითხვაზეა და ამიტომ სკოლაში ვერ ვატარებთო, რატომ არის არასრულწლოვანი დაკითხვაზე, მშობელი დაგვპირდა პირადად აგიხსნითო. 

კლასის დამრიგებელი ამბობს, რომ ლიზას ტელეფონი ჰქონდა და სკოლაშიც ატარებდა, თუმცა გაკვეთილების დროს არ იყენებდა და არც არავინ ურეკავდა. "მხოლოდ დედა რეკავდა ხოლმე და მე ვპასუხობდი, ბავშვს უცხო ზარების შესახებ არაფერი უთქვამს" - ამბობს დამრიგებელი. 

სკოლის დირექტორი ყვება, რომ ინფორმაცია პირველი პირებისგან არ აქვს, თუმცა გადმოცემით იცის, რომ მშობელი  შვილის სატელეფონო საუბარს შეესწრო. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლი დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, დეტალების დაზუსტებას ოჯახის წევრებთან ცდილობს. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში