საქართველოს პრეზიდენტი მუსლიმ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამს ულოცავს. გიორგი მარგველაშვილის მილოცვა მარნეულში, საზეიმო ღონისძიებების დაწყებისას, ადგილობრივ მოსახლეობას ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ გააცნო. ციტატა: “დღეს მე არ ვარ თქვენთან ერთად, მაგრამ თქვენს გვერდით ვდგავარ, თუმცა დღევანდელ ზეიმს თან ახლავს მწუხარება ჩვენი თანამემამულის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო, რომლის ნეშტიც გუშინ გადმოასვენეს. ვიცი, რომ ასე მხარდამხარ დგომითა და შრომით შევქმნით ძლიერ და თავისუფალ სახელმწიფოს! კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატეტებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!”_აღნიშნულია განცხადებაში.
აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს საქართველოს პრემიერ-მინისტრმიც ულოცავს. მთავრობის მეთაურის მილოცვაც მარნეულში მოსახლეობას გრიგოლ ნემსაძემ გააცნო. “ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ. ჩვენი წინაპრები ერთად ცხოვრობდნენ, ერთმანეთის მხარდამხარ შრომობდნენ, ემსახურებოდნენ საქართველოს, ყოველთვის იზიარებდნენ ერთმანეთის ჭირსა და ლხინს. ასე ვართ ჩვენც და ამ ტრადიციას ჩვენი შვილები გააგრძელებენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს ყველანაირი პირობა ჩვენი მოქალაქეების, თითოეული თქვენგანის შესაძლებლობების რეალიზაციისთვის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტი ჩართულობისთვის”-აღნიშნულია მილოცვაში.
თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიულოცა. მილოცვის წერილს საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. ციტატა: “ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც დღეიდან გაზაფხულის ლამაზ დღესასწაულს ზეიმობენ, ვულოცავ ნოვრუზ ბაირამს. ჩვენ ერთ ოჯახად ვაშენებთ ძლიერ ქვეყანას და ერთად ვზეიმობთ დღესასწაულს, რომელიც საქართველოში მრავალი საუკუნეა აღინიშნება.“ _ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში.