''54 სართულიანი კომპლექსის მშენებლობა, 5 მარტამდე უკანონოდ მიმდინარეობდა'' - ლევან ანთაძე

14 მარტი 2018, 00:00 3420 ნახვა

ბათუმის ბულვართან, დელფინარიუმის წინ, კომპანია „ალიანსი ფრივილიჯი“  54 სართულიან კომპლექსს  აშენებს. ტერიტორია რამდენიმე თვეა შემოღობილია და სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე დღეს ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები მივიდნენ. ლევან ანთაძის განცხადებით, საქმე ეხება კორუფციულ გარიგებას კომპანიის წარმომადგენლებს, აჭარის მთავრობასა და ბათუმის მერიას შორის. დეპუტატის თქმით, 5 მარტამდე ადგილზე უკანონო მშენებლობა მიმდინარეობდა,  ნებართვის გაცემამდე ტერიტორიაზე საძირკველი მოეწყო.

''ტერიტორიაზე მოწყობილია ხიმინჯები, მუშებისთვის ოთახებიც ააშენეს, რომელსაც ნებართვა სჭირდება და ეს ოქმში უნდა იყოს გაწერილი. ფაქტია, რომ მსგავსი ტიპის სამუშაოებსკომპანიის წარმომადგენლები,  ნებართვის გარეშე ვერ აწარმოებდნენ, თუ არა კორუფციული გარიგება. ბათუმის მერმა კითხვებზე პასუხების გაეცა, დღემდე არ ინება ,'' - ამბობს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი. 

‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები აპირებენ, საკითხის შესასწავლად პროკურატურას მიმართონ.

კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მშენებლობის ნებართვა მერიისგან 5 მარტს მიიღეს, მანამდე კი ტერიტორიაზე  გეოლოგიური დასკვნის მოსაპოვებლად მხოლოდ გრუნტს სწავლობდნენ.  სხვა ტიპის სამუშაოები კი არ მიმდინარეობდა.

ბათუმის მერიის  ინფორმაციით, კომპანია „ალიანს ფრივილიჯმა“ მიწისქვეშა კონსტრუქციული ნაწილის მოწყობის ნებართვისთვის, ბათუმის მერიას 2 მარტს მიმართა. 5 მარტს კი თანხმობა მიიღო. 

ბათუმში, რუსთაველის 42-სა და ნინოშვილის 39-ნომერში მდებარე 3263 კვ/მ ტერიტორია, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წელს პირობებით გაყიდა.

პირველ მარტს, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მასალა მოამზადა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პერიოდში სამშენებლო ნებართვა გაცემული არ იყო, ადგილობრივ ბაზარზე აპარტამენტების გაყიდვა უკვე მიმდინარეობდა.  

კომპანიის  იურისტი კი ამტკიცებდა, რომ სამშენებლო ნებართვის მიღებამდე საცხოვრებელი ფართების არა გასხვისება, არამედ დაჯავშნა ხდებოდა. 

ამავე კატეგორიაში