ერთი წელი 11-12 მარტის ბათუმის მოვლენებიდან. დამწვარ მანქანებზე, არეულობასა და დაზიანებულ ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებელი – ორგანიზატორი ამ დრომდე არ არსებობს. რამდენიმე დღის წინ ამ საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულები, მოგვიანებით კი არა ძალადობის არამედ ჯგუფური მოქმედებისთვის გასამართლებული ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე სასჯელაღსრულების სამინისტროს სპეციალურმა კომისიამ პატიმრობიდან გაათავისუფლა.
ყოფილი პატიმრები, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და ისინი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ. მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი ფიქრობს რომ მათი დაკავება თავიდანვე პოლიტიკურ ნიშნებს შეიცავდა. პაატა შავაძე ამბობს, რომ უდანაშაულობის დამტკიცებას სამართლებრივი გზებით აპირებს. ერთ-ერთი დაკავებული, რომელიც ბრალს არ აღიარებდა ეს ლაშა დეკანაძე იყო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლევან გელოვანმა დეკანაძეს ერთი წლითა და 3 თვით ხულიგნობის ბრალდებით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანაძის ადვოკატის, დავით ჯაფარიძის თქმით სამართლებრივ ბრძოლას აპირებენ. კიდევ ერთი დაკავებული პირის, გოდერძი გორგილაძის ადვოკატი კი მიიჩნევს, რომ აქციის ორგანიზებაში ბრალდებულებთან ერთად მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებაც უნდა განეხილათ, რომელიც აქციაში მონაწილეობის ბრალდებითაა დაკავებული.