აჭარაში, 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ალერგიულ დაავადებათა დიაგნოსტიკა იწყება. პროგრამას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი წელს პირველად ახორციელებს.
ბენეფიციარები ალერგოლოგის კონსულტაციით უფასოდ ისარგებლებენ, ასევე ჩაუტარდებათ გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა, კანის პრიკ ტესტი არაინფექციური ალერგენებით. ასევე პროგრამის ფარგლებში ანალიზატორით, ამოსუნთქულ ჰაერში აზოტის მონოქსიდის განსაზღვრა მოხდება.
ახალ პროგრამაში ჩაერთვებიან, ის ბავშვები, რომლებიც პირველადი სკრინინგით იდენტიფიცირებულ რისკ-ჯგუფში შედიან. ასევე მოზარდები, რომელსაც რეკომენდაციას პედიატრი ან ოჯახის ექიმი მისცემს. ყველა მათგანი აჭარაში უნდა იყოს რეგისტრირებული.
პროგრამის ბიუჯეტი 34 ათას 200 ლარს შეადგენს.
მიმდინარე წელს დაგეგმილია 600 ბენეფიციარის გამოკვლევა, თუმცა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, 500 ბავშვის ვინაობა უკვე ცნობილია.
‘’ბავშვების ბაზა არსებობს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პოლონეთის სილეზიის უნივერსიტეტს შორის, მემორანდუმის ფარგლებში 2015-2017 წლებში, 6000-მდე ბავშვს სკრინინგი ჩაუტარდა. შერჩეულია 500 ბავშვი, ვისაც დიაგნოზის დაზუსტება სჭირდება’’ - ამბობს ნინო ნიჟარაძე.
დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკონ ნომერზე: (0422) 27-03-91.
პროგრამის განმახორციელებელი დედათა და ბავშთა ჯანმრთელობის ცენტრია. გამოკვლევები აღნიშნულ კლინიკაში ჩატარდება.