''კომპანიებს მშენებლობის პროცესში დამცავი ბადის გამოყენების ვალდებულება არ აქვთ'' - ბათუმის მერია

05 მარტი 2018, 00:00 2960 ნახვა

კომპანიებს მშენებლობის პროცესში დამცავი ბადის გამოყენების ვალდებულება არ აქვთ, ბადე ობიექტზე მხოლოდ გარე ფასადის მოსაპირკეთებელი  და შეღებვითი სამუშაოების  დროს, ხარაჩოებზე უნდა გადაიჭიმოს - აცხადებენ ბათუმის მერიაში.

სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი განმარტავს, რომ დამცავი ბადის ფარად გამოყენება რეალურად შედეგს არ იძლევა.

‘’ბადის გაჩერებული ფიცარი, ''ფანერკა'' ან აგური არ არსებობს, წარმოუდგენელია. იმიტომ, რომ პატარა ფიცარმა ან ლამინატის ნატეხმა შესაძლოა ბადე მთლიანად გაჭრას ან ქარმა დააზიანოს’’ - ამბობს ირაკლი მოქია.

ბათუმში, გუშინ მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი სამშენებლო მასალების შედეგად  ორი ადამიანი დაშავდა.  შემთხვევა ლუკა ასათიანის ქუჩაზე, 62 -ნომერში მოხდა. ოჯახის  ინფორმაციით, ძლიერი ქარის  დროს  გადმოვარდნილი მასალა საცხოვრებელი სახლს დაეცა და სახურავი ჩაამტვრია. ახალგაზრდა ქალმა და  15 წლის მოზარდმა კი სხეულის  მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

კიდევ ერთი შემთხვევა გიორგი ბრწყინვალის 143 ნომერში მოხდა. ახლომდებარე მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილმა  მასალებმა  საცხოვრებელი სახლები დააზიანა. აქ მცხოვრებლები  ამბობენ, რომ  ეს პირველი შემთხვევა არ არის და დამცავი ბადეების არარსებობა კი საფრთხეს უქმნით.

სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსის თქმით, აღნიშნულ მშენებლობებზე ბადის მოწყობის  აუცილებლობა არ იყო.

მთავრობის ახალი დადგენილების მიხედვით, დამცავ ბადეს მტვერის მომწესრიგებლის ფუნქცია აქვს. 

‘’ახალი დადგენილების შესახებ ყველა კომპანიას ვაცნობეთ. მითითებებიც გავუგზავნეთ. დამცავი ბადის გამოყენება, უსაფრთხოების შემადგენელი კომპონენტია. ზუსტად იგივეა ახლაც, უბრალოდ ჩაშლილია როგორ უნდა ჰქონდეთ დამცავი ბადე ხარაჩოზე გაკეთებული. ადრეც ანალოგიურად იყო, სასურველია იყო ჰქონოდა, რომ გვერდით მომიჯნავედ მცხოვრებლები მტვერისგან არ შეწუხებულიყვნენ’’ - ამბობს ირაკლი მოქია.  

მშენებარე ობიექტებთან მომიჯნავე კორპუსებში მცხოვრები მოქალაქეები კი დამცავი ბადებიის დამონტაჟებას მაინც ითხოვენ. ამბობენ, რომ ეს პრობლემას ნაწილობრივ მაინც მოაგვარებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი