25 მოზარდის პროსტიტუციაში ჩაბმის საკითხზე გამოძიება დაიწყო

05 მარტი 2018, 00:00 4617 ნახვა

ბათუმში  25 არასრულწლოვანის პროსტიტუციაში ჩაბმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 

18 წლამდე მოზარდების პროსტიტუციის შესახებ ფაქტები  საგამოძიებო ფილმი სტუდია „რეკმა“ მოამზადა, რომელიც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდა. ჟურნალისტ ნაზი რეხვიაშილის მიერ მოკვლეულ მასალაში ნათქვამია, რომ ასაკისა და აკრძალვების მიუხედავად, მოზარდები დისკო კლუბებში  ხვდებიან და დაუბრკოლებლად ყიდულობენ და მოიხმარენ  სასმელს, სიგარეტისა და ფსიქოტროპულ  საშუალებებს.  (იხ ლინკი ქვემოთ)

ფილმში არასრულწლოვანი გოგონები ყვებიან, რომ კონკრეტული ადგილებია, სადაც ყიდულობენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

 ასევე ამბობენ, რომ  პოლიცია ამ საკითხებზე არ რეაგირებს,  რადგან კლუბების მფლობელები სამართალდამცველებთან შეთანხმებულები არიან.

ფილმის პროდიუსერი ირმა ზოიძე ამბობს, რომ აჭარის სამმართველოში გამოკითხეს და მოზარდების შესახებ სთხოვეს ინფორმაცია, რომელებიც ფილმში ფიგურირებენ. „ჟურნალისტი ნაზი რეხვიაშვილი და მე, როგორც პროდიუსერი დაგვიბარეს დაკითხვაზე, ბუნებრივია ჩვენ გამოვიყენეთ უფლება და არ დავასახელეთ ახალგაზრდების ვინაობა, რომლებიც ჩავწერეთ, რადგან პირობა დავდეთ, რომ კონფიდენციალობას დავიცავდით. ფილმში ღიად არის ნათქვამი, სად იკრიბებიან ეს ახალგაზრდები, სად ეწევიან პროსტიტუციას და ამ სამი არასრულწლოვანის გარდა (რომლიც ფილმში ფიგურირებს) კიდევ 22 მოზარდი ჰყავთ ჩართული ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თუ ჩვენ შევძელით გვეპოვნა, უპრობლემოდ მიაგნებს მათ პოლიციაც სურვილის შემთხვევაში“ - აცხადებს ირმა ზოიძე.  

ფილმი აჭარის მაუწყებლის ეთერში 1 თებერვალს გავიდა, განმეორებით ფილმი  საიტზე 28 თებერვალს დაიდო. ორი დღის შემდეგ ამ თემით სხვა ტელეკომპანია დაინტერესდა, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე საქმის გამოძიება.

სტუდია „რეკის“ ფილმში  საუბარია პროსტიტუციაში ჩართული მოზარდების შესახებ, რომლებიც, ძირითადად, ბათუმის ბულვარში, საბაგიროს მიმდებარედ და კათოლიკურ ეკლესიასთან იკრიბებიან.

ფილმის ერთ-ერთი გმირი სალომე (სახელი შეცვლილია)  იხსენებს, რომ პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე მოხვდა: „პოლიციელებმა გადაგვამოწმეს და მალევე გამოგვიშვეს, დაადგინეს თითქოს ალკოჰოლი გვქონდა მიღებული, თუმცა სინამდვილეში ტაბლეტები გვქონდა  ჩაყლაპული’’.

შს სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საქმე სისიხლის სამართლის კოდექსის 253  მუხლით აღიძრა, რაც წინასწარი განზრახვით არასრულწლოვანის პროსტიტუციაში ჩაბმას ითვალისწინებს.  

პროსტიტუციაში ჩაბმა ძალადობით, ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით, -ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 იგივე ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, – -ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

არასრულწლოვანთა პროსტიტუციაზე სტუდია "რეკმა" 12 წუთიანი ფილმი მოამზადა. ავტ. ნაზი რეხვიაშვილი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი