გერმანიის ქალაქ მოკრენაში ძარცვის ბრალდებით საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. გამოცემა თორგაუერ ცაიტუნგი თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიცია ერთ-ერთ ავტომობილს დაედევნა. ოპერაციაში ვერტმფრენი და გაწვრთნილი ძაღლებიც მონაწილეობდნენ.
სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია ლაიფციგის პოლიციაშიც დაადასტურეს. „ჩრდილოეთ საქსონიის რაიონში ჯგუფური ძარცვის ბრალდებით საქართველოს ოთხი მოქალაქეა დაკავებული. დევნის დროს მათ პოლიციის ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაარღვიეს, ნაქურდალი ნივთების ნაწილი კი ავტომობილის ფანჯრებიდან გადაყარეს. სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა“, - განაცხადეს ლაიფციგის პოლიციის პრესსამსახურში.