19 მილიონ 990 ათას დოლარად აუზსა და ყინულის არენას კანადური კომპანია ააშენებს

14 თებერვალი 2018, 00:00 3084 ნახვა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შპს "სტადიონს" ნება დართო  ყინულის არენისა და საცურაო აუზის მოწყობისთვის 20 მილიონამდე დოლარის სამუშაოები ტენდერის გარეშე განახორციელოს. 

გადაწყვეტილება შესყიდვების სამსახურის ოფიციალურ გვერდზე, გუშინ, 13 თებერვალს, 21 საათის შემდეგ გამოქვეყნდა. 

 შპს სტადიონი 19 მილიონ 990 ათას 200 დოლარის სამუშაოებზე ხელშეკრულებას, პირდაპირი წესით,  კანადურ კომპანია “"Westincor Limited" - თან გააფორმებს, რომელმაც 2018 წლის სექტემბერში, ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამართვამდე, ლადო ასათიანის #27-ში ნომერში, 10 500 კვადრატულ მეტრზე,  1500 ადგილზე გათვლილი ყინულის არენა უნდა ააგოს. ხოლო 5500  კვადრატულ მეტრზე უნდა განთავსდეს საცურაო აუზი, სადაც ტრიბუნები 1000 ადამიანზე იქნება გათვლილი. 

შპს "სტადიონმა",  ტენდერი გარეშე, პირდაპირ, შერჩეულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების ნებართვის თხოვნით, შესყიდვები სამსახურს გასულ კვირას მიმართა, წერილში აღნიშნული იყო,  რომ ვადებში შეზღუდული არიან და ტენდერის გამოცხადება სამუშაოებს შეაფერხებდა. 

იქვე იყო აღნიშნული, რომ აჭარის მთავრობას სპორტული კოპლექსის მშენებლობისთვის 

წელს ბიუჯეტში თანხები არ აქვს, კომპანია კი საშუალებას აძლევს თანხები​ ეტაპობრივად დაფარონ. 

 “მშენებლობა დაკავშირებულია სოლიდური ფინანსური რესურსების ხარჯვასთან, რაც ამ ეტაპისთვის აჭარის მთავრობას არ გააჩნია და მშენებლობის ღირებულება ეტაპობრივად დაიფარება: 20%-ი მშენებლობის ვადაში 80%-ი კი მშენებლობის დასრულებიდან 4 წლის განმავლობაში” – ნათქვამია წერილში.

იმისთვის, რომ კანადურ კომპანია “"Westincor Limited" - თან 19 მილიონ 990 ათას 200 დოლარის სამუშაოებზე ხელშეკრულება გაფორმდეს, შპს "სტადიონი" აჭარის მთავრობას მიმართავს, ოფიციალური თანხმობის შემდეგ კი გაფორმდება ხელშეკრულება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი