„დაახლოებით 5 წლის წინ, თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში პროფილაქტიკური კვლევისთვის სისხლის ანალიზი ჩავაბარე, პასუხი იყო ცუდი... ექიმმა მუცლის ღრუს ექოსკოპიის ჩატარება მირჩია. ექოსკოპიამ კი აჩვენა, რომ ღვიძლზე გარკვეული ტიპის პრობლემები მქონდა... შემდეგ იყო კვლევები ჰეპატიტზე და ყველაზე მოულოდნელი დიაგნოზი С ჰეპატიტი. დაავადებაზე ბევრი არაფერი ვიცოდი. მეგონა, გამოსავალი არ არსებობდა. დამატებითი კვლევები კიდევ უფრო ცუდი პასუხებით დასრულდა, ყველაზე რთული ტიპი დაფიქსირდა. ექიმმა მითხრა, რომ მკურნალობა არ იქნებოდა მარტივი’’ - გვიყვება მაია (სახელი პირობითია), რომლისთვისაც ეს გრძელი ისტორიის დასაწყისი იყო.
მაიამ მკურნალობის ხანგრძლივი და რთული პროცესი წარმატებით დაასრულა.
„ბათუმში დაბრუნების შემდეგ დავიწყე ფიქრი დამეწყო მკურნალობა თუ ხალხურ მედიცინას მივყოლოდი. პირველ ეტაპზე, ახლობლების რჩევას დავუჯერე და მცენარეებზე დამზადებული სითხის მიღება დავიწყე, რომელი ერთ-ერთი რეგიონიდან ყოველთვიურად ჩამოგვქონდა, თუმცა, ფაქტია ეს არ გააქრობდა. 2015 წელს გავიგე, რომ იწყებოდა С ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცენდენტო პროგრამა. ოჯახის წევრები რჩევით გამოკვლევებზე კიდევ ერთხელ წავედი, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, ალბათ, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, რომელზეც მედიკოსებმა თქვეს რომ მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დამეწყო და პირველივე ჯგუფში ჩამსვეს’’ - ყვება მაია - „მკურნალობის ყველაზე რთული ეტაპი სწორედ მაშინ დაიწყო“.
„წამლების მიღების პირველი დღეს საშინელი რეაქცია მქონდა. სიცხე, ციებ-ცხელება... მოგვიანებით დეპრესია და თმის ცვენა. ოთახიდან გამოსვლა, ადამიანებთან კონტაქტი არ მინდოდა. ასე გავიდა 12 კვირა. სამი თვის შემდეგ მძიმე ფონი ნელ-ნელა გაქრა... მორიგ კვლევებზე მისულს მითხრეს, რომ დაავადების დამარცხება შევძელი და პროგრამაში ერთ-ერთი პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ვიყავი. რთული აღსაწერია ჩემი ემოცია“ - ამბობს სახელმწიფო პროგრამის მონაწილე.
С ჰეპატიტზე კვლევები 10% თანადაფინანსებით, ხოლო მკურნალობა უფასოდ საქართველოს მასშტაბით გრძელდება. ბათუმში, მხოლოდ ინფექციურ საავადმყოფოში პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე გამოკვლევა 3 ათას 806 მოქალაქემ ჩაიტარა.
მკურნალობის კურსი კი 3 ათას 511 გაიარა, აქედან 2 ათას 495 გამოჯანმრთელდა. მათი ინფორმაციით, ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას 652 პაციენტი განაგრძობს.
აჭარაში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს დღესაც შეუძლია უფასო სკრინინგი (ანუ გამოკვლევა) ჩაიტაროს. С ჰეპატიტზე გამოკვლევა საქართველოს ბევრ კლინიკაშია შესაძლებელი.
საქართველოში მასშტაბით კი, С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 45 ათასი ადამიანიდან 98% განიკურნა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. სკრინინგი ჩაიტარა მილიონ 400 ათასმა მოსახლემ, მათგან ზოგიერთმა ორჯერ.