ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონების პროექტის შესახებ, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, არქიტექტორებსა და დაინტერესებულ პირებს ესაუბრა. საჯარო განხილვაზე მერმა რამდენიმე ახალი ინიციატივა გაახმოვანა.
ლაშა კომახიძის თქმით, შესაძლებელია ძველი ბათუმის რამდენიმე ქუჩა გადაიკეტოს. იქ ავტომობილები აღარ იმოძრავებენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე კი ღია და დახურული კაფეები განთავსდეს. მერის განმარტებით, გამოცხადდება კონკურსი, გამარჯვებული პროექტის ავტორი კი დაფინანსებას მიიღებს. საუბარია 10 000 ლარზე.
‘’პროფესიონალები იმუშავებენ, სწორედ მათი რეკომენდაციების საფუძველზე გაიწერება გეგმა. საკითხი გადაწყდება, არა კონკრეტულად მერის, ან უბრალოდ ჩვენი გემოვნებით, არამედ პროცესში კომპეტენტური კადრების მონაწილეობით’’ - ამბობს ლაშა კომახიძე.
ძველ ბათუმში, ისტორიული ნაგებობის დემონტაჟის შესახებ რამდენი ნებართვა არის გაცემული? ბათუმის მერს დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს.
‘’ჩვენს სამწუხაროდ პროცესს ვერ შევაჩერებთ, სადაც სამართლებრივი დავა შესაძლებელია ვიდავებთ. სადაც შესაძლებელია დიალოგის რეჟიმზე გადავალთ. ძალიან რთულია, რადგან ადამიანებს ფული აქვთ გადახდილი და მერია ერთი ხელის აღებით, გაცემულ ნებართვებს ვერ შეაჩერებს’’ - ამბობს ლაშა კომახიძე.
ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონების დოკუმენტი 2017 წელს მერიის დაკვეთით საკონსულტაციო ცენტრმა “გეოგრაფიკმა” მოამზადა. პროექტში ასახულია ის ქუჩები და ქალაქის ის ტერიტორია, რომელიც ისტორიული ღირებულებიდან გამომდინარე დაცულ ზონად უნდა გამოცხადდეს და შესაბამისი რეგულაციები დაწესდეს. რეგულაციები შეეხება მშენებლობებს, რესტავრაციებს და მათთან დაკავშირებულ ნებართვებს. ისტორიული განაშენიანების ზონად ძველი ბულვარის გასწვრივ, მელიქიშვილსა და გოგებაშვილს შორის, ჭავჭავაძის ქუჩამდე ტერიტორია იგულისხმება.
შენიშვნების შესწავლის შემდეგ დოკუმენტი დასამტკიცებლად ჯერ ბათუმის საკრებულოს, საბოლოოდ კი საქართველოს კულტურის სამინისტროს გადაეგზავნება.
ბოლო წლებში ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ბევრი ისტორიული და ქალაქისთვის დამახასიათებელი შენობები დაინგრა. ნაწილობრივ დაარღვია ქალაქის ისტორიული ქუჩების ურბანული ქსოვილი.