ბათუმში ზღვამ მკვდარი ძუძუმწოვარი გამორიყა

24 იანვარი 2018, 00:00 4945 ნახვა

ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვამ მკვდარი ძუძუმწოვარი გამორიყა, ეს წელს მეორე შემთხვევაა. პირველი ფაქტი 20 იანვარს დაფიქსირდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ იანვრის თვეში მკვდარი ძუძუმწოვარის გამორიყვა უცნაური ფაქტია, რადგან ასეთი შემთხვევები ძირითადად მარტიდან ფიქსირდება. ამ ეტაპზე ზუსტი მიზეზების დადგენა ვერ ხერხდება, სპეციალისტები სავარაუდო მიზეზად ზღვაზე ძლიერ შტორმს ასახელებენ.

არჩილ გუჩმანიძის თქმით, აპრილიდან ახალი პროექტი დაიწყება, რომლის ფარგლებშიც მკვდარი ძუძუმწოვრის გამორიყვის შემთხვევაში, მიზეზების დეტალურად შესწავლა მოხდება. საკვლევი მასალა კი ბელგიაში გადაიგზავნება .

‘’ჩვენც გაკვირვებულები ვართ, წესით ამ პერიოდში გამორიყვები არ უნდა გვქონდეს. ეს, რომ გვცოდნოდა, პროექტს  იანვრიდან დავგეგმავდით. ამ ეტაპზე მხოლოდ შემთხვევის ადგილზე გასვლა, ფოტოების გადაღება, სახეობის დადგენა, სქესის და ზომების განსაზღვრა ხდება’’ - ამბობს გუჩმანიძე

ფოტო: არჩილ გუჩმანიძე

ზღვის ძუძუმწოვართა დაღუპვის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ეს არის ბიოლოგიური სიკვდილი, სანავიგაციო ტრავმა, ტოკსიკოპათოლოგიური ფაქტორი.

გასულ წელს ზღვიდან მკვდარი ძუძუმწოვრის გამორიყვის სულ 98 შემთხვევა დაფიქსირდა.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში