გახდება თუ არა საჯარო ბაღები ფასიანი?

24 იანვარი 2018, 00:00 9060 ნახვა

გახდება თუ არა საჯარო ბაღები ფასიანი? - ამ საკითხს მშობლები აქტიურად განიხილავენ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში. საუბრობენ როგორც ფასებზე, ასევე ინიციატივის განხორციელების ვადებზეც.

ამბობენ, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ფასიანი, სავარაუდოდ, სექტემბრიდან იქნება. მათი ინფორმაციით მშობელს ერთ ბავშვზე 50 ლარის გადახდა მოუწევთ, თუ ბაღში ერთი ოჯახიდან ორი მცირეწლოვანი ირიცხება, მათ განათლების მიღება 75 ლარი დაუჯდებათ.

დღეის მდგომარეობით, ყველა მუნიციპალური საბავშვო ბაგა-ბაღი უფასოა. ეს ცვლილება კანონში 2014 წელს განხორციელდა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გადასახადი გაუქმდა.

ბათუმის '' საბავშვო ბაღების გაერთიანების'' უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა შამილიშვილი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ჭორია, ჭორები კი, სავარაუდოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას მოჰყვა.

უწყების ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ საკითხზე მერიაში მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა. ‘’ამ ეტაპზე მაგ თემაზე საუბარი არ ყოფილა, მეც გავიგე ეს ინფორმაცია, თანხაც საიდან გამოთვალეს საოცრებაა. ასეთი ცვლილება მოკლე დროში ვერ განხორციელდება. თვითმმართველობის კანონის თანახმად ბაღები უფასო უნდა იყოს, თანაგადახდას კანონი არ ითვალისწინებს. თუ ეს გადაწყდა, საკითხს ჯერ მომზადება უნდა. აქ მოლაპარაკება და ამ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა’’ - ამბობს მამუკა შამილიშვილი.

პრემიერ მინისტრმა ბაღების დაფინანსების ახალი სქემის აუცილებლობაზე გასული წლის დეკემბერში პარლამენტში ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ გადასახადი გარკვეული ტიპის ოჯახებმა უნდა გადაიხადონ.

ოჯახების შერჩევის კრიტერიუმთან დაკავშირებით მთავრობას ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად გამოვნახავთ იმ გზას, რომ ერთის მხრივ, ეს მზარდი მოთხოვნა საბავშვო ბაღებზე ჩვენ დავაკმაყოფილოთ, მაგრამ მეორეს მხრივ, მოვნახოთ მექანიზმები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, ძალიან შეძლებული ადამიანებმა,  რომლებსაც ყველანაირი საშუალება გააჩნიათ ბაღის გადასახადი გადაიხადონ“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის ინიციატივაში თავიდანვე გაცხადდა, რომ ეს არ შეეხებოდა სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც სარეიტინგო ქულა მაღალი აქვთ. 

მშობელთა დიდი ნაწილი ინციატივას სკეპტიკურად უყურებს. ფიქრობენ, რომ ბაღები აუცილებლად უფასო უნდა იყოს, რადგან ეს ოჯახებისთვის დიდი შეღავათია.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი