ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, სახლი აღდგენას არ ექვემდებარებოდა. აფეთქების შედეგად შენობის ძირითადმა ნაწილმა, მესამე-მეოთხე ხარისხის დაზიანება მიიღო.
დაზიანდა მომიჯნავე კორპუსიც. საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოებისათვის მერიამ 100 ათას ლარზე მეტი გამოყო.
რაც შეეხება ოჯახებს, რომლებიც საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ, მერიამ ისინი დროებით ქირით გაიყვანა.
დაზარალებულების სურვილია, საცხოვრებლები იმავე ტერიტორიაზე გადაეცეთ, სადაც აქამდე ცხოვრობდნენ. მერიაში ამბობენ, რომ ინვესტორის დაინტერესება გართულდა, ამასთან სამ სართულზე, მაღალი კორპუსის აშენების წინააღმდეგი არიან მეზობლებიც. თვითმმართველობა დაზარალებულებს ორ ვარიანტს სთავაზობს, ორივე ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზეა.
ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქება 10 დეკემებერს მოხდა. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. 9 ოჯახის საცხოვრებლის გარეშე დარჩა. 45 ბინა კი დაზიანდა.
მომხდარზე გამოძიება 229-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ბუნებრივი აირის მოხმარების წესების დარღვევას გულისხმობს.
ვიდეო: გიო ჩახვაძე/facebook