ზურაბ პატარაძე: ''ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ თურქულ მხარესთან კონსენსუსი შედგეს''

16 იანვარი 2018, 00:00 3653 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის რესპუბლიკაში, კონკრეტულად კი ართვინის გუბერნიაში მიემგზავრება, ოფიციალური შეხვედრა  გუბერნატორთან გაიმართება.  საუბარი შეეხება საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს.

ზურაბ პატარაძის თქმით, ყველაფერი კეთდება, იმისათვის, რომ თურქულ მხარესთან კონსენსუსი შედგეს.

‘’ჩვენ ვმუშაობთ, როგორ ადგილობრივ დონეზე, ასე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად. თემა მნიშვნელოვანია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ორივე ქვეყნის მოქალქეებს თანაბარ პირობებში საზღვრის გადაკვეთა შეეძლოთ’’ - ამბობს რეგიონის პირველი პირი.

ზურაბ პატარაძე ართვინში გამგზავრებამდე სარფის საბაჟოსთან შეკრებილ აქციის მონაწილეებსაც შეხვდება.

მოსახლეობა ოფიციალური ანკარას გადაწყვეტილებას აპროტესტებს. როგორც ცნობილია, თურქეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლის სიხშირის კონტროლი, 1 იანვრიდან გამკაცრდა.

ქვეყენაში მცირე დროით დარჩენაც კი ერთ კალენდარულ დღედ ჩაითვლება, ანუ იქ დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ღამით თურქეთში არ რჩებოდნენ და საქართველოში იმავე დღეს ბრუნდებოდნენ, ასეთი 90 დღის გასვლის შემდეგ, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მეზობელ ქვეყანაში ვეღარ შევლენ. უფრო ზუსტად კი მათ ამისთვის ბინადრობის უფლება, ან სამუშაო ვიზა დასჭირდებათ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში