რამდენი მოქალაქის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება თურქეთის რესპუბლიკაში ყოველდღიურ მიმოსვლაზე ახალი წესების ამოქმედების შემდეგ, რომელიც ოფიცილურმა ანკარამ 2018 წლის 1 იანვრიდან შემოიღო ? - ამ კითხვაზე სახელმწიფოს ზუსტი პასუხი არ აქვს. ქვეყანაში არ არსებობს მიგრაციის ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანი გადის დასაქმების მიზნით ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მათ შორის კი თურქეთის რესპუბლიკაში.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში,“ რომელიც მიგრანტების საჭიროებებს იკვლევს პროექტით „მიგრაციის მართვა,” აცხადებენ საქართველოდან მოქალაქეების ყველაზე დიდი ნაწილი დასაქმებისთვის სწორედ თურქეთში გადადის. პროექტის კოორდინატორი ირაკლი ვარშანიძე ამბობს, რომ მიგრაციის ზუსტი ციფრი არ არსებობს, თუმცა ორგანიზაციამ პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა ფოკუს ჯგუფებისა და რაოდენობრივი კვლევის შედეგების მიხედვით გამოვლინა:
„ფოკუს ჯგუფებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ რა მასშტაბზეა საუბარი. ყველაზე დიდი მიგრაცია აჭარიდან მეზობელ ქვეყანაში ფიქსირდება და ეს ბუნებრივიცაა. ფოკუს ჯგუფებიდან მიღებული დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თურქეთში გადაადგილება არის დროებითი, შრომითი, საცხოვრებელი, იძულებითი, ნებაყოფლობითი და სასწავლო ხასიათის. 10 რესპონდენტიდან 5 ამბობს, რომ მათი ახლობელი თურქეთში გადადის სამუშაოდ. ძირითადი წილი მამაკაცებზე მოდის“ - ამბობს ირაკლი ვარშანიძე.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, თურქეთში სამუშაოდ გადამსვლელთა დიდი ნაწილი არ ფიქრობს, რომ ემიგრანტია „დიდი ნაწილი გადადის დილით და საღამოს ბრუნდება სახლში. რთულია ეს ემიგრაციად განვიხილოთ. 1 იანვრამდე არსებული რეგულაციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს თურქეთის საზღვრის გადაკვეთა და უკან დაბრუნება ყოველ დღე შეეძლო. 1 იანვრიდან კი, 180 კალენდარული დღიდან, მხოლოდ 90 დღე შეძლებენ მეზობელ ქვეყანაში შესვლას. ამის შემდეგ კი, იწურება უვიზო რეჟიმის ფარგლებში თავისუფალი მიმოსვლის ვადა, ამიტომ სამუშაო ვიზის გაკეთება გახდება საჭირო. ბუნებრივია იქ დასაქმებულ ადამიანებს ეს პრობლემებს შეუქმნის. რამდენია ასეთი ადამიანი, ამის თქმა ზუსტად შეუძლებელია, რადგან ქვეყანაში არ არსებობს სტატისტიკა, რომ ვთქვათ, რამდენ მოქალაქეს გაუარესდება ეკონომიკური მდგომარეობა ამ წესების დამკვიდრების შემდეგ“.
რა პრობლემებს ქმნის სტატისტიკისა და მიგრაციის მართვის პოლიტიკის არ არსებობა?
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ მთავარი გამოწვევა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებაა.
„ამ ადამიანების უსაფრთხოება არაა დაცული, განსაკუთრებით სამუშაო უსაფრთხოება. ერთ-ერთ ფოკუს ჯგუფში მონაწილე მოქალაქის ჩანაწერს წაგიკითხავთ - ჩემს მეზობელ ბიჭს მუშაობისას ტროსი გაუწყდა, სიმაღლიდან ჩამოვარდა და ადგილზევე დაიღუპა…მსგავს ისტორიებს ხშირად მოისმენთ. სხვა ქვეყანაში არალეგალურად წასულ ადამიანებს პრობლემები აქვთ შრომის ანაზღაურების თვალსაზრისითაც, რადგან ხელშეკრულებას დამსაქმებლებთან ვერ აფორმებენ და არის შემთვევები, როდესაც ანაზღაურებას ვერ იღებენ. ასევე, თუ მძიმედ დაშავდნენ დამსაქმებლების (ოჯახების) იმედზე რჩებიან, გაუწევენ თუ არა სამედიცინო დახმარებას. იმისთვის, რომ ეს საკითხები დარეგულირდეს, აუცილებელია სახელმწიფომ შეიმუშაოს მიგრაციის პოლიტიკა“.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ოფისში ამბობენ, რომ მიგრაცია ცალსახად ცუდ მოვლენად არ უნდა განვიხილოთ:
„თავისთავად მიგრაცია არაა ცუდი მოვლენა , ეს არის შესაძლებლობა ეკონომიკური განვითარებისთვის, თუმცა აუცილებელია მიგრაციის პოლიტიკის შექმნა, ეს საერთაშორისო გამოცდილებაა. პირველ ეტაპზე უნდა შეიქმნას სახელმწიფო სტრუქტურები. მაგალითად მუნიციპალიტეტებში გაჩნდეს ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება აღრიცხოს მის მუნიციპალიტეტში რა ხდება ამ მიმართულებით. უნდა შეიქმნას სტრუქტურები და გაკეთდეს სტატისტიკა“.
თურქეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლის სიხშირის კონტროლი გამკაცრდა.
ოფიციალური ანკარის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1 იანვრიდან, თურქეთის საზღვრის გადაკვეთა და ქვეყენაში რამდენიმე საათით დარჩენაც კი ერთ კალენდარულ დღედ ითვლება. ის მოქალაქეები კი რომლებიც თურქეთში სხვადასხვა მიზნით ყოველდღე გადადიოდნენ და დღის ბოლოს ისევ ქვეყანაში ბრუნდებოდნენ, 90 დღის საზღვრის კვეთის უფლების გამოყენების შემდეგ, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მეზობელ ქვეყანაში ვეღარ შევლენ ბინადრობის უფლებისა და სამუშაო ვიზის გარეშე.
სამუშაო ვიზის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა კი დამსაქმებელთან დადებული ხელშეკრულება ან დამსაქმებლის მოწვევა, ნასამართლეობის შესახებ ცნობა, საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ფოტოსურათი ბათუმში, ან თბილისში თურქეთის საკონსულოში უნდა წარადგინონ. სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა კი შესაბამის ქვეყნებში არსებულ საკონსულოებს უნდა მიმართონ. ახალი რეგულაცია ეხება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში შესვლას გეგმავს და იგი თურქეთის ყველა სასაზღვრი გამშვებ პუნქტზე მოქმედებს.
ინტერვიუ ჩაწერა რადიო თავისუფლებამ
ფოტო: ეკა ლორთქიფანიძე