თეატრალების მოთხოვნა და მაუწყებლის განმარტება – დასავლეთ საქართველოს თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები და მსახიობები აჭარის ტელევიზიის ეთერში “ტელესპექტაკლების” დაბრუნებას ითხოვენ. მათ დღეს ბრიფინგი გამართეს ქუთაისში, მოგვიანებით კი ბათუმში ჩამოვიდნენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრებს, ასევე დირექტორს შეხვდნენ.
“ტელესპექტაკლები” მაუწყებლის ეთერში 3 წლის განმავლობაში გადიოდა და როგორც თეატრების წარმომადგენლები აცხადებენ, იგი ხელს უწყობდა ქვეყანაში კულტურის განვითარებას, ასევე ეწეოდა რეგიონული თეატრების პოპულარიზაციას. ამ მიმართულებით ამჟამად არხზე ორი გადაცემა რჩება, ესენია “არტ-ექსპერტი” და “სცენა.” რაც შეეხება “ტელესპექტაკლებს”, დირექტორის განმარტებით, მის ავტორს იმ ტენდერში შეეძლება მონაწილეობის მიღება, რომელსაც მაუწყებელი გამოაცხადებს, აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის მიხედვით არხის 25 პროცენტი გარეწარმოებაზე უნდა გავიდეს.