"ლეოგრანდის" ადმინისტრაცია, ქართველი სამართალდამცველების გამოძიების პარალელურად, კერძო ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს - ინფორმაციას "ლეოგრანდის" იურისტი ავრცელებს. კახაბერ წერეთელმა, დღეს, რადიო აჭარის გადაცემა "კომპეტენტურ პასუხში" თქვა, რომ სასტუმროს მენეჯმენტი უცხოურ კომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებას.
"მნიშვნელოვანია მუშაობა დაასრულოს გამოძიების მიერ დანიშნულმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა, გამოძიებისთვის საჭირო მტკიცებულებების შესასწავლად და მისაღებად" - ამბობს ადვოკატი. შემდეგ კი, მისი განცხადებით, სასტუმროს მენეჯმენტის მიერ დაქირავებული კრიმინალისტები შევლენ შემთხვევის ადგილზე. "გიდასტურებთ, რომ ვაწარმოებთ ქვეყნის გარეთ საექსპერტო დაწესებულებებთან მოლაპარაკებებს, მიმდინარეობს კომპანიის შერჩევა. ამით ვცდილობთ ჩვენთვის გვქონდეს ექსპერტიზის შედეგები და დროულად მივაწოდოთ გამოძიებასაც, ჩვენის მხრივ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ გამოძების პროცესს" - აცხადებს ადვოკატი.