ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა გუშინ ბორჯომში საკრებულოს სხდომა. დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიზეზი დღის წესრიგი გახდა, რომლითაც საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევა გათვალისწინებული არ იყო.
ოპოზიცია სხდომის შეჩერებას და დღის წესრიგში საკითხის დამატებას ითხოვდნენ. კოლეგების პოზიციას არ იზიარებდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები. მათი თქმით, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი, მომავალი სხდომისთვის უნდა გადადებულიყო.
ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე, რამდენიმე დეპუტატი შეუძლოდაც გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების მობილიზება გახდა საჭირო. რამდენიმე დეპუტატი ფიზიკურადაც დაუპირისპირდა ერთმანეთს, რის გამოც ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.