„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ ანგარიშის მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეხმაურება. “მივესალმებით ევროპარლამენტის დეპუტატთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ ანგარიშის მიღებას, რაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მოახლოებული სამიტის წინ და ევროკავშირის კიდევ ერთი მხარდამჭერი გზავნილია საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების მიმართ” - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
პრემიერის შეფასებით, ევროპარლამენტარების რეკომენდაციებში ასახულია სრული მხარდაჭერა საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხების მიმართ, როგორიცაა საქართველოს ევროპული მისწრაფებები და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში გრძელვადიანი მიზნების დასახვის აუცილებლობა. საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია ევროპარლამენტმა გუშინ მიიღო.