რატომ ყიდულობს სამინისტრო, ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად, 5000 ათასის ნაცვლად 1135 აპარატს

16 ნოემბერი 2017, 00:00 3373 ნახვა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ, რამდენიმე ხნის წინ, უმაღლეს საბჭოს დეპუტატებთან განაცხადა, რომ ფაროსანას გავრცელების შესამცირებლად რეგიონში 5 000  შესაწამლი აპარატის შესყიდვაა საჭირო. 

ამ განცხადების მიუხედავად, აჭარის 2018 წლის ბიუჯეტში, მხოლოდ 1135 აპარატის შესაძენად არის თანხა გამოყოფილი. გუშინ, ეს გადაწყვეტილება, უმაღლესი საბჭოს კომისიის სხდომაზე, დეპუტატებმა ფინანსთა მინისტრთან გააპროტესტეს. 

აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე ამბობს, რომ მინისტრმა სასურველი რეალობის შესახებ ისაუბრა, თუმცა ბიუჯეტისა და არსებული მდგომარეობის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ 1135 აპარატის შეძენაც საკმარისია. 

"ფაროსანას გავრცელების დინამიკა გვიჩვენებს, რომ ტენდენცია მზარდია, ამიტომ ვცდილობთ "ფაროსანას სეზონს" მომზადებული შევხვდეთ. აჭარაში 333 სოფელია, აქედან ფაროსანას გავრცელების დინამიკა,  ყველაზე აქტიურად, ქობულეთის სოფლებში, ხელვაჩაურსა და ქედის ნაწილში დაფიქსირდა. ამ ტერიტორიაზე 120-ზე მეტი სოფელია და  აპარატები სწორედ აქ გადანაწილდება. სწორი დაგეგმარების შემთხვევაში ყველა სოფელს მოვიცავთ, თუმცა აპარატების დარიგება შუახევშიც და ხულოშიც იგეგმება",- აცხადებს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე. 

მისივე განმარტებით, ტენდერის დასრულების შემდეგ, აპარატები იმ ფერმერებს გადაეცემათ, რომლებიც სამინისტროს მიერ შედგენილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. ფერმერებს აგროსერვის ცენტრებში, წინასწარ შედგენილი კითხვარის შევსება მოუწევთ, პრიორიტეტი იმ ფერმერებს მიენიჭებათ, რომლის ტერიტორიაზე ფაროსანას პოპულაცია მზარდია და ფერმერს აქვს მზაობა მის წინააღმდეგ საბრძოლველად. 

"აჭარაში 76 ათასი ფერმერი გვყავს, რა თქმა უნდა კარგია ყველას დავურიგოთ უფასოდ ეს აპარატები, მაგრამ შეუძლებელია, ამიტომ გათვლა მოხდა იმათზე, ვისაც მზაობა აქვს და სადაც დაფიქსირდა ფაროსანას გავრცელების მზარდი ტენდენცია " - ამბობს მამუკა თურმანიძე. 

სამინისტროში ამბობენ, რომ თუ საჭიროება იქნება აპარატებს შემდეგაც დაამატებენ. 

საერთო ჯამში, 1135  შესაწამლი აპარატის შესაძენად, ბიუჯეტიდან მილიონ 680 ათასი ლარი დაიხარჯება. 

ამავე კატეგორიაში