მთავრობას სტრუქტურული რეორგანიზაციის გამო პარლამენტის მხრიდან ნდობის ხელახლა გამოცხადება სჭირდება. მოქმედი კონსტიტუციით, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის 1/3-ით განახლების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას წარუდგენს.
პარლამენტის მხრიდან ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. პრეზიდენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტს ოფიციალურად წარუდგენს, მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრა როგორც კომიტეტების ფორმატში, ასევე ფრაქციების რეჟიმში წარიმართება, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მინისტრობის კანდიდატები პლენარულ სხდომაზე წარსდგებიან.
საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარდგენილი სამთავრობო პროგრამაც უნდა იყოს. გარდა ამისა, იქედან გამომდინარე, რომ ორი სამინისტრო უქმდება, ცვლილებები კანონმდებლობაშიც იქნება საჭირო. პარლამენტმა მთავრობას ნდობა ბოლოს 2016 წლის ნოემბერში გამოუცხადა.