ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ბათუმშია

05 ნოემბერი 2017, 00:00 5665 ნახვა

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები დღეს ბათუმში, ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული. სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით წმინდა ნაწილები ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში  8 ნოემბრამდე დარჩება.

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში 23 სექტემბერს ჩამოაბრძანეს.  ის ჩვენს ქვეყანაში 6 თვე დარჩება და სხვადასხვა ეპარქიას მოივლის.  შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად იქნა მიღწეული.

ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი ქეთევანი 1614 წელს მეფე თეიმურაზმა შაჰ-აბასის მოთხოვნით მას მძევლად გაუგზავნა უმცროს ვაჟთან ალექსანდრესთან ერთად. სპარსეთში ქეთევან დედოფალს სარწმუნოების შეცვლა მოსთხოვეს, რაზეც დედოფალმა უარი თქვა. ამიტომ ის 1624 წელს ქალაქ შირაზში წამებით მოკლეს. დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელმა მისიონერებმა ნეშტი მალულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენეს. მოგვიანებით კი ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანეს. ისინი ალავერდის ტაძარში 1723 წლამდე ინახებოდა, შემდგომ კი დაიკარგა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში