ბოლო ერთ კვირაში, არასამთავრობო ორგანიზაცია "ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის" ბათუმში გადაღებულ ორ ფოტოს აქვეყნებს. ერთ ფოტოზე ბათუმის ხელოვნების მუზეუმის გალერეასთან გაკეთებული შშმ პირებისთვის განკუთვნილი პანდუსია ასახული, მეორეზე კი "pay box"-ის ადაპტირებული აპარატი.
"კარგია, რომ უცდიათ, მაგრამ ამდენი თუ გააკეთე, შე კაი ადამიანო, ბარემ შუა ზოლიც შეგევსო, პროფილაქტიკის "იამა" ხომ არაა?!’’ – პოსტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თომა კაკაბაძემ დაწერა. არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე ‘’გალერეასთან’’ ახლადგაკეთებული პანდუსის თემას ასე გამოეხმაურა. შენობა ბათუმის ხელოვნების მუზეუმის გვერდით მდებარეობს. თომა კაკაბაძე ამბობს, რომ პანდუსზე ასვლა ვერ გაბედა. თვლის, რომ ის უსაფრთხო არ არის.
"შუა ნაწილში ჭრილია, ყველა ეტლი პანდუსის ზოლებზე ზუსტად ვერ დაჯდება, შეიძლება ეტლი ვიწრო იყოს და ჩავარდეს’’. ორგანიზაციის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებისას, საქმეში გამოცდილი კადრები უნდა ჩაერთონ. მისივე თქმით, პრობლემა მერიის არქიტექურის სამსახურშია. ნებართვის გაცემა უნდა გამკაცრდეს და პროექტირებისას ყველა დეტალი უნდა გაითვალისწინონ.
‘’ პრინციპში, გადაკეთებას დიდი თანხა არ დასჭირდება, ერთ ზოლს ჩაამატებენ, მაგრამ მოაჯირებიც დასაგრძელებელია, რადგან მოკლეა. მოაჯირი პანდუსთან შედარებით 30 სმ-ით უფრო გრძელი უნდა იყოს, ხელი უნდა მოჰკიდო, რომ ეტლით ახვიდე’’, - თომა კაკაბაძე ამბობს, რომ არის შემთხვევები, როცა შენობა ადაპტირებულია, თუმცა, გაკეთებული პანდუსი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს".
ხელოვნების მუზეუმის დირექტორ ნინო ნიჟარაძეს ხარვეზის შესახებ ინფორმაცია აქვს. მისი თქმით, პანდუსის პირველივე გამოყენებისას აღმოჩნდა, რომ ლიანდაგები ერთმანეთისგან ზედმეტად დაშორებული იყო. „დავურეკეთ უკვე იმ კომპანიას, რომლმაც სამუშაო შეასრულა. შუა ადგილი დარჩა ძალიან დიდი. სტანდარტებს ექვემდებარებოდა და რატომ გამოვიდა ასე, ვერ გეტყვით. ველოდებით, როდის მოვლენ და გამოასწორებენ ხარვეზს’’ - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
რაც შეეხება"pey box" აპარატს, ეტლით მოსარგებლეებისთვის განკუთვნილი აპარატი შემაღლებულ ადგილზე იდგა, რაც შშმ პირისთვის მომსახურებით სარგებლობას შეუძლებელს ხდიდა.
თომა კაკაბაძის პოსტზე განმარტებები კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გააკეთა, ფაქტის გამო მოიბოდიშა და განაცხადა, რომ ხარვეზს გამოასწორებდნენ.
ძველ ტერიტორიაზე გადახდის ადაპტირებული აპარატი აღარ დგას. იგი არაადაპტირებულით ჩანაცვლდა