მეწყერმა ქედაში საცხოვრებელი დაანგრია. ოჯახის ორი წევრი შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა. ერთ-ერთი მათგანი მსუბუქად დაშავდა. მას მედიკოსებმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. სტაციონარში მისი გადაყვანა არ გახდა საჭირო. მთლიანად დაინგრა დამხმარე ნაგებობები, დაიხოცა პირუტყვი. ქედაში მეწყრისა და წყალდიდობის გამო სამი ოჯახია უსაფრთხო ადგილას გადაყვანილი.
სტიქიამ საავტომობილო მიმოსვლა 15-მდე მიმართულებით შეზღუდა. გადაადგილება შეფერხებულია სოფელ მეძიბნას საჯარო სკოლის მიმართულებითაც. მოსწავლეები შემოვლითი გზით სარგებლობენ. გარესამყაროსაა მოწყვეტილი 35 ოჯახი სოფელ ოქტომბერში. დამეწყრილი ოჯახების მდგომარეობას გეოლოგები სწავლობენ. მიმდინარეობს ზარალის დათვლა.